არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს 5 კანდიდატი, ვისაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე კანდიდატებად ასარჩევად მხარს დაუჭერენ.
ეს კანდიდატები არიან: გიორგი ბურჯანაძე, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, ანა აბაშიძე და დიმიტრი ხაჩიძე.
როგორც NGO-ების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე თქვეს, "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყვნენ დამოუკიდებელი და ნეიტრალური კანდიდატები".
"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წევრებს გვსურს, ჩვენი საჯარო მხარდაჭერა გამოვხატოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, 5 კანდიდატთან დაკავშირებით და ჩვენი საჯარო მხარდაჭერა და რეკომენდაცია გავაჟღეროთ. ყველასათვის ცნობილია, რომ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გადასცა, ერთ-ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომლებიც უნდა აირჩიოს პარლამენტმა და რომელიც პარლამენტს უკვე 1 წელზე მეტია არ აურჩევია, ამიტომ ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი საბჭოსათვის, რომ იქ იყვნენ დამოუკიდებელი და ნეიტრალური კანდიდატები და გვსურს, ამ კანდიდატებთან მიმართებით ჩვენი ღია და საჯარო მხარდაჭერა გამოვხატოთ, იმისათვის, რომ უახლოეს კვირებში, როდესაც ეს პროცესი პარლამენტში წარიმართება, ეს ჩვენი მხარდაჭერა იყოს გამოცხადებული", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა.