logo
ENG



NYT-ის სტატია: უცხოური გავლენის კანონის მიღების შემდეგ საქართველოში დაყოფა გაღრმავდება

29 მაი 202418:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/76d6hqylgse7up7.jpg

The New York Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატიას წერს.

"ბევრი ქართველი ორგანიზაციების შეზღუდვას, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ, განიხილავს იმის ნიშნად, რომ მათი ქვეყანა შორდება დასავლეთს და უახლოვდება რუსეთს, რომელიც მათ ეზიზღებათ", - აღნიშნავს შესავალში სტატიის ავტორი ივან ნეჩეპუორენკო.

"იმ მომენტში, როდესაც სამშაბათს საღამოს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სადაო კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მკაცრ კონტროლს ისახავს მიზნად, შენობის გარშემო შეკრებილმა მომიტინგეებმა ყვირილი და სტვენა დაიწყეს.

ბევრი გაოგნებული იყო, ზოგიერთი კი ტიროდა იმის შიშით, რომ კანონმა შეიძლება შეცვალოს მათი ქვეყნის ტრაექტორია მომდევნო წლების განმავლობაში, უფრო მეტად რუსეთთან დაახლოებით, ვიდრე ევროკავშირთან, სადაც გაწევრიანებაც სურთ.

"ეს ახალი თავია ჩვენს ცხოვრებაში", - თქვა თამარ კინწურაშვილმა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ეხმარება მედია ორგანიზაციებს საქართველოში. იგი მიუთითებს იმაზე, რასაც მომიტინგეები “რუსულ კანონს” უწოდებდნენ და ამბობს, რომ ის კრემლის მიერ მიღებულ კანონს წააგავს.

"ვიცით რუსული გამოცდილება. ვიცით, როგორ მოქმედებენ ისინი".

კვირების განმავლობაში თბილისის პარლამენტის შთამბეჭდავი შენობის გარშემო, ქუჩებსა და მოედნებზე ღამის საპროტესტო აქციები იმართებოდა, რადგანაც ათასობით ადამიანი, ძირითად ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს მომავალს დასავლეთთან კავშირში ხედავენ - და მასთან ასოცირებულ დემოკრატიულ თავისუფლებებთან - გმობენ იმას, რომ ისინი ხედავ, საქართველო როგორ მიდის რუსეთისკენ.

"არ გვსურს მეორე ბელარუსი ან რუსეთი გავხდეთ", - თქვა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, პედიატრმა და მოძრაობა ჯიუტის წევრმა. საპროტესტო ჯგუფის წევრები ბოლო ორი წლის განმავლობაში პარლამენტის წინ ყოველდღიურად აქციებს ატარებდნენ, მაგრამ ეს პროტესტები გაძლიერდა, სხვა ადამიანებისა და ჯგუფების შეერთებით, მას შემდეგ, რაც აპრილში მთავრობამ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

სამშაბათს ღამე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მხარს უჭერდა პროტესტს, მაგრამ რომლის ვეტომაც ხელი ვერ შეუშალა კანონის მიღებას, მოუწოდა ახალგაზრდებს მოითხოვონ რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა შეუერთდეს საქართველო ევროპას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა, რომლის მოვალეობები ძირითადად ცერემონიულია, ასევე მოუწოდა დაყოფილ ოპიზიციურ პარტიებს გააერთიანონ ძალისხმევა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი პარტია ქართული ოცნება გადააგდონ.

"გაბრაზებულები ხართ დღეს?" მიმართა მან შეკრებილებს. "მოდით, მუშაობას შევუდგეთ".

მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებმა ბრძოლის გაგრძელების პირობა დადეს, მათ ცოტა რამის გაკეთება შეუძლიათ, რათა კანონპროექტის რეალობა შეცვალონ, რომელსაც ქართული ოცნების კანონმდებლებმა და მათმა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს კენჭისყრაზე და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო დაძლიეს.

კანონმდებლობა მოითხოვს, რომ არასამთავრობო ჯგუფებმა და მედიასაშუალებებმა, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების მინიმუმ 20%-ს იღებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარ" ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ.

ორივემ, აშშ-მა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს კანონი, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს დიდი ხნის სურვილს, გახდეს ბლოკის წევრი.

საპროტესტო აქციები ძირითადად ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიერ, რომელთაგან ბევრი იღებს დაფინანსებას საზღვარგარეთული ჯგუფებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების განვითარებას და შიშობენ, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიექანება. ბევრი მათგანი მესენჯერ აპების საშუალებით კოორდინაციაში იყო ოპოზიციონერ კანონმდებლებთან.

პროტესტებმა დიდი მხარდაჭერა პოვა დედაქალაქის მცხოვრებლებს შორის. მოსწავლეები სკოლებიდან გამოვიდნენ, მომუშავეები კი - ოფისებიდან. თბილისის ტექნო-საცეკვაო კლუბებმა თავიანთ მომხმარებლებს მოუწოდეს, ქუჩაში გავიდნენ და პროტესტი გამოხატონ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას, გამოკითხვების თანახმად, თბილისში მომიტინგე, ძირითადად ახალგაზრდების ხედვამ სიმპათია ვერ პოვა კონსერვატიულ რაიონებში, ქალაქის ცენტრის ფარგლებს გარეთ.

ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ ქართველებს, რომლებიც სოფლად და პატარა ქალაქებში ცხოვრობენ, და რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის ეკონომიკური ტვირთი და ქაოსი ატარეს, როდესაც საქართველო სამოქალაქო ომში ჩაეშვა.

ბევრი იმეორებს მთავრობის განცხადებებს, რომ უცხოური ჯგუფები და ევროკავშირი თავს ახვევს, რასაც უწოდებენ ისინი ლგბტქ იდეოლოგიას - ეს ეხმიანება პოპულისტურ ლიდერებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი. საპასუხოდ მათ საკუთარი მარში მოაწყვეს, რომლებიც ხასიათდება ჰიმნებითა და ჯვრებით, ნაცვლად პროდასავლურ დემონსტრაციებისა, სადაც ანტირუსული შეძახილები და ევროკავშირის დროშები იყო.

"ყველას სურს ჩაერიოს ჩვენს პოლიტიკაში და ისე გააკეტოს, რომ აქ იყოს ომი, როგორც უკრაინაში", - თქვა 60 წლის ექიმმა, ქეთევან ლომიძემ "ოჯახის ღირებულებების" მსვლელობაზე. "გვინდა ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, მაგრამ საკუთარი სუვერენიტეტით, რწმენითა და ტრადიციებით".

მსგავსი პოლარიზაცია გამძაფრებულია უკრაინაში რუსეთის ომით, რამაც აიძულა საქართველო უფრო მკაფიო არჩევანი გაეკეთებინა დასავლეთსა და გიგანტ მეზობელს შორის, თქვა დიმიტრი მონიავამ, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელმა.

და იმის შიშით, რომ საქართველოზე მისი 12-წლიანი ძალაუფლება შეიძლება დასრულდეს, ქართული ოცნება, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობს, კონსერვატიული ამომრჩევლის შიშებს იყენებს და საკუთარი კრიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს, თქვა მონიავამ.

"სრულყოფილი ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების მოწმეები ვართ", - თქვა მან.

თბილისში პროტესტში მონაწილეების დიდი ნაწილი სტუდენტი და პროფესიონალია, რომლებიც 1990 წლის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ. ისინი ამბობენ, რომ შიშობენ, რომ მათი ქვეყანა გადამწყვეტ წერტილშია და რომ დემოკრატიული თავისუფლებები - როგორიცაა ის, რაც მათ პარლამენტის წინ პროტესტის გამართვის საშუალებას აძლევს - შესაძლოა წაერთვათ.

"თუ მათ სსრკ-ში დაბრუნების საშუალებას მივცემთ, ისინი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას შეეცდებიან", - თქვა ჩახუნაშვილმა, საპროტესტო ჯგუფის წევრმა.

მთავრობა ამბობს, რომ სურს, საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში იყოს, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ უფრო ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ, რომელთანაც 2008 წელს მოკლეხნიანი ომი აწარმოვა, რათა არ ჩაითრიონ უკრაინიდან გავრცელებად კონფლიქტში. პრემიერმინისტრის ოფისმა და პარლამენტში უმრავლესობის ლიდერებმა ინტერვიუებზე უარი თქვეს.

ნინო ჟიჟილაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ფორმულას წამყვანი და კავკასიის მედიასკოლის დეკანი, ამბობს, რომ იგი შეუერთდა დემონსტრაციებს მედიისთვის მზარდი შემზღუდველი გარემოს და ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების გასაპროტესტებლად.

"ახლა ჩვენ მხარეებს ვიკავებთ, მიუკერძოებლები ვერ ვიქნებით", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა. "ჩვენ ყველანი სამოქალაქო აქტივისტები ვართ, რადგანაც თავს გვესხმიან, ჩვენს ქვეყანას თავს დაესხნენ - ამას რუსულ ზეწოლად აღვიქვამთ".

ბადრი ოკუჯავა, SovLab-ის მკვლევარი, ისტორიკოსთა ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა მმართველობის დროს საქართველოს წარსულს იკვლევს, პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

"რუსეთს ჩვენს ქვეყანაში საშინელებები აქვს ჩადენილი", - თქვა ოკუჯავამ SovLab-ის ოფისში ინტერვიუს დროს, რომელიც სავსე იყო მტვრიანი საარქივო დოკუმენტები, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მიწების მრავალსაუკუნოვან ოკუპაციასა და კულტურის განადგურებას ასახავს.

ოკუჯავას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მსგავს ქმედებებში რუსეთის როლი დამალოს. მისი თქმით, არქივებზე ხელმისაწვდომობა მკაცრად შეზღუდულია, ისტორიის სახელმძღვანელოებში კი, რომლებსაც განათლების სამინისტრო აკონტროლებს, დიდი ადგილი ეთმობა შუასაუკუნეებს, როდესაც საქართველოს მთავარი მტერი თურქეთი და ირანი იყვნენ, და არა რუსეთი.

ეკა გიგაური, Transparency International Georgia ხელმძღვანელი, რომელიც კორუფციის საკითხებზე მუშაობს და რომელიც მათ შორის ივანიშვილზე წერს ანგარიშებს, ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია კანონს არ დაემორჩილება.

მისი თქმით, მისმა სამუშაომ თავდასხმის მუდმივ ობიექტად აქცია; მისი მანქანა შეღებეს, ხოლო მისი სახე მთელ თბილისში პლაკატებზე გამოჩნდა, სადაც მას უცხოურ აგენტობასა და "ლგბტ პროპაგანდაში" ადანაშაულებდნენ.

"ისინი პუტინის რეჟიმის ინტერესებში მოქმედებენ", - თქვა გიგაურმა და ხელისუფლება იგულისხმა. მან განაცხადა, რომ კანონი საქართველოს "რუსეთის უკანა ეზოდ " აქცევს".


close დახურვა