New York Times-ის ინფორმაციით, 12 თებერვალს აშშ-მა ატლანტის ოკეანეში დაკავებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორ ფედერალურ საქმეზე წარუდგინა.
NYT წერს, რომ პირველი ბრალდების თანახმად, მას ტანკერზე გაიანას ყალბი დროშის გამოყენებაში ადანაშაულებენ - გემი ამ ქვეყანაში არ იყო რეგისტრირებული. ასევე, კაპიტანს ედავებიან აშშ-ს ძალების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
კერძოდ, მეორე ბრალდების თანახმად, 20 დეკემბერს, კაპიტანი სანაპირო დაცვის ბრძანებას არ დაემორჩილა, რომლის მიხედვითაც, კაპიტანს აშშ-ის ძალებისთვის გემზე ასვლის ნებართვა უნდა მიეცა, გაჩერების ნაცვლად, ვენესუალასკენ მიმავალმა ტანკერმა გეზი ატლანტის ოკეანესკენ აიღო და გზაში სახელი შეიცვალა და Bella1-ის ნაცვლად Marinera დაირქვა.
რუსული სამთავრობო არხი წერდა, რომ ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგებოდა: 20 მათგანი უკრაინელი იყო, ექვსი, კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ორი - რუსეთის.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი M/V Bella 1 ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა.
ტანკერის დაკავება განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მონაწილეობით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის - USCGC Munro-ს მიერ იყო შემჩნეული.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Bella 1 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონოდ ახორციელებდა ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით.
