logo
ENG



NYT: აშშ ისრაელს ურჩევს, ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გადადოს

23 ოქტ 202313:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/as4qp863yp60vlv.png

The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის მეტი დროა საჭირო, შესაბამისად, ისრაელს ურჩევს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადადოს. ამის შესახებ მედია აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას და ჰამასის განადგურების შესახებ მის გაცხადებულ მიზანს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისთვის დროის საჭიროებას ხედავს.

როგორც წყაროები NYT-ს ეუბნებიან, ეს მოწოდება ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მეშვეობით გადასცეს, რადგან სწორედ პენტაგონი აძლევს ისრაელს რჩევებს სამხედრო მოქმედებებთან, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით.

ისრაელმა ჰამასის თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ მალე მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებდა, თუმცა არც კონკრეტული დეტალები უთქვამს და არც თარიღი დაუსახელებია. ჯერჯერობით ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ლოკალურ რეიდებს ატარებენ და აღნიშნავენ, რომ ამის მიზანი მძევლებზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა