საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებაზე.
მათი თქმით, კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, ხოლო გუშინ დაჩქარებულმა მიღებამ მხოლოდ გაზარდა საქართველოს საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლარიზაცია და განხეთქილება.
"ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება განიხილოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.