ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც გერმანიაში მიმდინარეობს, მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროკავშირის გზის მხარდაჭერაზეა საუბარი.
"მხარს ვუჭერთ უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზაობას, სტატუსი მიენიჭოს საქართველოს. მათი მომავალი ევროკავშირშია და გვსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, როგორც კი ყველა კრიტერიუმს შეასრულებენ, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით", - აღნიშნულია ტექსტში.
ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოდლოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მისი ევროპული პერსპექტივა აღიარა. საბჭომ ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა.
კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.