პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, აღასრულონ გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ზომა.
საქმე ეხება ნინოწმინდის პანსიონს, სადაც, სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონის ბრძანების შესაბამისად, სახალხო დამცველს და სახელმწიფო სოციალური სამსახურის წარმომადგენელს შესვლა ეკრძალებათ.
თუმცა, სახელმწიფო არ რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტებზე ლაპარაკობს.
PHR-მა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს მიუთითა ვალდებულებაზე, ნინიწმინდის პანსიონში მონიტორინგი დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანომ.
7 მაისს ორგანიზაციამ გაეროს კომიტეტისგან კიდევ ერთი წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია:
"დამატებითი ოქმის მე-8 მუხლისა და კომიტეტის საპროცედურო წესების მე-18 წესის თანახმად, კომუნიკაციის ასლი დღეს გადაეცა მონაწილე სახელმწიფოს. კომიტეტი მოითხოვს სახელმწიფოსგან, მიაწოდოს კომიტეტს სრული ინფორმაცია და მოსაზრება განაცხადის დასაშვებობისა და შინაარსთან დაკავშირებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსაზრებისა და კომენტარების მიწოდების ვადები მხარეებისთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, გახანგრძლივდა 2 თვით. შესაბამისად, საგამონაკლისო წესით, სახელმწიფოს მიეცა 8 თვის ვადა.
გაეროს ბავშვთა კომიტეტი სახელმწიფოსგან მოითხოვს: დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახელმწიფო მონიტორინგის შესაბამისი ინსტიტუტებისათვის დაწესებულებაში (ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში) შესვლა, რათა შეამოწმონ იქ მცხოვრები ბავშვების პირობები და მათ მიმართ არსებული მოპყრობა. კომიტეტის მოთხოვნის შესრულება არ არის დამოკიდებული განაცხადის დასაშვებობის და არსის განხილვაზე.
მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი პასუხი გამოგეგზავნებათ დროულად, რათა სურვილის შემთხვევაში, შეძლოთ მოსაზრებების წარდგენა", - წერია წერილში.
2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ.
მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ "ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ დროებითი ზომის გამოყენების შესახებ ინფორმაცია 7 აპრილს გაავრცელა. PHR-ის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ გაეროს რეკომენდაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.