logo
ENG



PHR ნინოწმინდის ბავშვთა სახლის უფროსზე შემაკავებელი ორდერის გაცემას ითხოვს

04 ივნ 202119:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/04/i9iwzoty1hz8xtf.jpg

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), რომელიც უკვე წლებია ბავშვთა უფლებრივ საკითხებზე მუშაობს, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის უფროსზე შემაკავებელი ორდერის გაცემას ითხოვს. 

"შემაკავებელ ორდერს ვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის უფროსზე", - წერს ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი ფეისბუქზე, - "ოჯახში რომ ჩაეწერა ბავშვზე ძალადობა ვინმეს და ლაივად გაეშვა, ხომ მოვითხოვდით? აქ ორმაგად უნდა მოვითხოვოთ საფრთხე უფრო დიდია. გააცალკევეთ მოძალადე ბავშვებისგან, შსს!"

საქმე მეუფე სპირიდონის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხება, რომელშიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს მთავარეპისკოპოსი, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანდასწრებით, ეკითხება, სურთ თუ არა მათ ბავშვთა სახლის დატოვება - ვიდეოში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის, არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ვიდეომასალაში მონაწილე არასრულწლოვანთა ნაწილი ტირის, ნაწილი კი ამბობს, რომ ბავშვთა სახლის დატოვება არ სურთ. 

ვიდეომასალის გასაჯაროების ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა, რომელმაც მოუწოდა ყველას, მათ შორის, მედიაგამოცემებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყების და სამოქალაქო აქტივისტების და მედიაგამოცემების გააქტიურების შემდეგ, მეუფე სპირიდონმა რეპუტაციული ზიანის მართვა თავად ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით სცადა. 

მთავარეპისკოპოსი ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ სტუმრობდა პრორუსულ და პროფაშისტურ მაუწყებლებს და ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ბავშვთა სახლით საჯარო აუდიტორიის დაინტერესება ეკლესიაზე თავდასხმასა და "ლიბერალების" შტურმს უკავშირდებოდა. 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა მოითხოვეს.  


close დახურვა