logo
ENG



POG: 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ მამას ბრალი დაუმძიმდა

30 სექ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 
ua1lgxqnnxn3qbf.jpg

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას ბრალი დაუმძიმდა. კერძოდ, მას ბრალი წარედგინა არასრულწლოვანი  შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისთვის.

შესაბამისად, ახლა დაკავებულს ბრალი ედება თვითმკვლელობამდე მიყვანის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების, არასრულწლოვანის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლებით.

პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალი სასჯელის ზომად 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვლისწინებს.

გამოძიების ცნობით, ნასვამი მამა შვილს არაადამიანურად ეპყრობოდა  - სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლის და მისთვის სასურველი ნივთების დაწვით. ასევე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ტელეფონით საუბრისას, საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

"ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი არასრულწლოვანი  შვილი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც 2020 წლის 23 აგვისტოს, მან თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი მოიკლა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

11 წლის ბავშვ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი  23 აგვისტოს იპოვეს.

გარდაცვლილის მამას, რომელსაც 26 აგვისტოს პატიმრობა შეეფარდა, ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. ამ მუხლებით მას მაქსიმუმ 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

 


close დახურვა