Politico-ს ინფორმაციით რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას შეუწყვეტდა, თუ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის შესახებ სადაზვერვო მონაცემებით დახმარებას შეუჩერებდა, კრემლმა ვაშინგტონს ეს წინადადება შესთავაზა. არაფორმალური შეთანხმება არ შედგა. წყაროების თანახმად, ამერიკულმა მხარემ ეს წინადადება არ მიიღო.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ ინიციატივა ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა გაახმოვანა მაიამიში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.
მიუხედავად უარისა, თავად მსგავსი შეთავაზების არსებობამ ევროპელ დიპლომატებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მათი შეფასებით, მოსკოვი ცდილობს აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოების გაღრმავებას.
ამავე დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის საკითხზე უმოქმედობის გამო და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ პოზიციას "დაიმახსოვრებს".
მანამდე გამოცემა The Washington Post იუწყებოდა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალების წინააღმდეგ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდა. ამ ფონზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სრულად ფლობს ინფორმაციას მიმდინარე კომუნიკაციებზე. ხოლო ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი დახმარება საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს და აშშ სამხედრო ძალით აშკარა უპირატესობას ინარჩუნებს.
