Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე. ამის შესახებ გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეთრი სახლისთვის NATO-ში უკრაინის წევრობა მუდამ მგრძნობიარე საკითხი იყო. გარდა ამისა, Politico წერს, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის განაცხადზე აზრები გაიყო. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ თავი აარიდა პირდაპირ გაეცა პასუხი კითხვაზე უჭერდა თუ არა NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას.
დემოკრატი კონგრესმენი მაიკლ კუიგლი, რომელიც ცოტა ხნის წინ კიევს ეწვია, ამბობს, რომ აშშ-მა უკრაინის ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს.
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი გუშინ, 30 სექტემბერს მოაწერეს.
რამდენიმე საათში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.
"დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს გახდეს დე იურე. პროცედურის თანახმად, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით," - განაცხადა ზელენსკიმ.