ამერიკულმა კომპანია Procter & Gamble-მა, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Gillette და Pampers, ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობა შეაჩერა, - ამის შესახებ City AM-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპანიის შიდა მოკვლევის შემდეგ მიიღეს. გამოძიებას Procter & Gamble-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელი ჯონ ბრენდონი უძღვებოდა. City AM-ის ცნობით, კომპანიამ „იმედზე“ რეკლამის განთავსება ორშაბათს შეაჩერა.
ტელეკომპანია „იმედი“ გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში მიმდინარე წლის თებერვალში მოხვდა. ბრიტანეთის ხელისუფლების განმარტებით, არხი ავრცელებს „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.
Procter & Gamble-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ყველა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასა და სანქციების რეჟიმს იცავს.
"ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა, ნებაყოფლობით გადავხედეთ ჩვენს მიდგომას და საქართველოში „იმედზე“ რეკლამის განთავსება შევაჩერეთ", – განაცხადა კომპანიის სპიკერმა.
City AM-ის ინფორმაციით, „იმედთან“ თანამშრომლობის საკითხს ამჟამად Nestlé-ც სწავლობს. მანამდე კი არხთან კავშირი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ, მათ შორის BBC-ის კომერციულმა განყოფილებამ, შეწყვიტა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების შეფასებით, „იმედი“ მხარს უჭერს ან ავრცელებს ისეთ პოლიტიკას და ქმედებებს, რომლებიც უკრაინის სტაბილურობას, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას აზიანებს.
