logo
ENG



RFE/RL: ევროკავშირის სანქციები სიმონიანზე, სოლოვიოვზე და ზახაროვაზე გავრცელდება

23 თებ 202215:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/fauhtv3r560um2i.jpg

ევროკავშირი 23 თებერვალს იმ პირების სიას გაასაჯაროებს, ვისაც უკრაინაზე რუსეთის აგრესიის გამო სანქციებს დაუწესებს. რადიო თავისუფლების რუსული ბიურო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს იმ ადამიანების სახელებს, ვინც შესაძლოა შავ სიაში მოხვდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, სიაში მოხვდებიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედროების დიდი ჯგუფი, დუმის ვიცე-სპიკერი პეტრ ტოლსტოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, RT-ის რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი.

სანქციები შესაძლოა მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე აღნიშნული პირების აქტივების გაყინავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლას ან ტრანზიტულად გამოყენებას.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

გარდა ამისა, რუსეთს შეეხება კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის სანქციები. 


close დახურვა