logo
ENG



RFE/RL: ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცა, მოქმედებაა საჭირო - ამერიკელი მკვლევრები აშშ-ს

30 აპრ 202313:23
3 წუთის საკითხავი
 
RFE/RL: ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცა, მოქმედებაა საჭირო - ამერიკელი მკვლევრები აშშ-ს

რადიო თავისუფლების ცნობით, მკვლევრებმა სვანტე ე. კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა აშშ-ის ოფიციალურ უწყებებსა და კონგრესს საქართველოს შესახებ წერილი გაუგზავნეს, სადაც წერენ, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცა და ქვეყანას ანტიდასავლური გეზი აქვს, რაც მათი თქმით, აშშ-ის მხრიდან მოქმედებას მოითხოვს.

გამოცემის ცნობით, მკვლევრებმა, რომლებიც, მათივე თქმით, საქართველოს დიდი ხნის მეგობრები არიან, წერილი, რომელშიც აცხადებენ, რომ 1990-იანი წლებიდან, საქართველოს სამ- ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და კონგრესს გაუგზავნეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წერილში ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათ საქართველოს პოლიტიკაში არასოდეს არავის მხარე არ დაუკავებიათ და მხარს უჭერენ "ქართველი ხალხის მისწრაფებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ევროპისკენ სწრაფვას და ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციას".

წერილის ავტორები აშშ-ის ხელისუფლებას სთავაზობენ მოქმედების გზებს, რომლებიც აშშ-მა უნდა განახორციელოს რათა შეჩერდეს საქართველოს შემობრუნება დასავლური კურსიდან და გამოსწორდეს მდგომარეობა ქვეყანაში.

"მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ის მოქმედებას მოითხოვს, არის ის, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, სახელმწიფოში ძალაუფლება მიიტაცა და საქართველოს აბრუნებს ანტიდასავლური მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხალხმა გამოხატა დასავლური ინტეგრაციის ნება. ამას შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი შედეგები" - წერენ მკვლევრები.

მათი აზრით, საქართველოს განვითარების ახლანდელი ტრაექტორია არამყარია და არის საფრთხე, რომ საქართველო ქაოსში აღმოჩნდეს, "რადგან უფსკრული ივანიშვილის ამბიციებსა და საქართველოს საზოგადოების ნებას შორის იზრდება".

კორნელი და სტარი აცხადებენ, რომ ყველა წარმატებას, რასაც საქართველომ ბოლო ორ ათწლეულში მიაღწია საფრთხე ექმნება. მათი თქმით, რუსეთს „საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები” კვლავ აქვს და შესაბამისად, დასავლეთის ინტერესები სტრატეგიულ რეგიონში, რომელიც ნატოს ტერიტორიას შუა აზიასთან აკავშირებს ასევე საფრთხეშია.

"მიმდინარე ომი უკრაინაში ძალიან მოიკოჭლებს, მაგრამ მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები თუნდაც იმისთვის, რომ უკრაინაში ყველა წარუმატებლობისგან ყურადღება სხვაგან იქნეს გადატანილი. ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს დასავლეთის მცდელობას, დააკავშიროს ევროპა აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან რუსეთის გვერდის ავლით" - წერენ მკვლევრები აშშ-ის ოფიციალური პირებისა და კონგრესისადმი წერილში.

კორნელი და სტარი აშშ-ის ხელისუფლებას ნაბიჯებს სთავაზობენ და შესაბამის ქვეთავში საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის საკვანძო საკითხებს გამოყოფენ. მათი აზრით:

  • აშშ-მა უნდა მოითხოვოს, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს;
  • აშშ-ის ხელისუფლებამ  უფრო აქტიურად უნდა მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში და ეს მოთხოვნა აშშ-სა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის პირობად წამოაყენოს.
  • აშშ-მა ამ ზომების პარალელურად მკაფიოდ უნდა დაანახოს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლის ურყევი მხარდამჭერია.

წერილის ავტორების აზრით, აშშ-მ ამ პოლიტიკის გასატარებლად უნდა მიმართოს 2003 წელს ბუშის ადმინისტრაციის მაგალითს, როცა პრეზიდენტმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი საქართველოში არჩევნების შემდგომი სიტუაციის მოსაგვარებლად თბილისში მიავლინა.

"2003 წელს, საქართველოში საარჩევნო კრიზისის დროს, პრეზიდენტმა ბუშმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს ბეიკერი საქართველოში „პრეზიდენტის წარგზავნილად“ დანიშნა და მიავლინა თბილისში გამოუვალი სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელიც არჩევნების შემდეგ წარმოიქმნა. პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა დანიშნოს მაღალი რანგის ამერიკელი მოხელე და საქართველოში მიავლინოს ანალოგიური მისიით" - რადიო თავისუფლების ცნობით, წერენ კორნელი და სტარი.

სვანტე ე. კორნელი უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორია. მისი კვლევის სფერო სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებია, კავკასიასა და თურქეთზე ფოკუსით. ის ასევე საქართველოს შესახებ სხვადასხვა ნაშრომის ავტორია, როგორც სეპარატიზმის გარშემო, ასევე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებზე. კორნელმა 2009 წელს სტივენ ფრედრიკ სტართან ერთად დაწერა წიგნი: "2008 წლის აგვისტოს თოფები: რუსეთის ომი საქართველოში."

სტივენ ფრედრიკ სტარი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკელი ექსპერტია. ის რუსეთის და საბჭოთა კავშირის საკითხებში აშშ-ის სამი პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მან დააარსა და ხელმძღვანელობს ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტს. რუსეთის და ევრაზიის საკითხებზე 200-მდე სტატიისა და 20 წიგნის ავტორი და რედაქტორია.


close დახურვა