ROKVA Festival ფეისბუქზე წერს, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტი - შრომის ინსპექცია საკლუბო სივრცეების წარმომადგენლებს შანტაჟის რეჟიმში ესაუბრება. როკვა წერს, რომ მათი სივრცის მეპატრონეები მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით შეაშინეს და როკვამ 17 დეკემბრის ღონისძიება სრულად ვერ ჩაატარა.
ROKVA Festival ამბობს, რომ სხვა კლუბებისგან განსხვავებით, მათ არ ჰქონიათ ფუფუნება გადაედოთ ღონისძიება, რადგან მაშინ როდესაც შრომის ინსპექცია გადაწყვეტილებას იღებდა, მათთან უკვე მიმდინარეობდა საღამოს ძირითადი ნაწილი. როკვა წერს, რომ ხელისუფლებამ, რომელიც კომპრომისებზე მუდმივად უარს ამბობს, მათ უკვე მეორეჯერ მიაყენა გამოუსწორებელი ზარალი.
"ამ "მოლაპარაკებებში" ჩართულ ყველა სივრცეს აქვს ფუფუნება, დაგეგმილი ღონისძიება გადადოს მომავალ პერიოდზე, მაშინ, როდესაც, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ჩვენთან უკვე მიმდინარეობდა საღამოს ძირითადი ნაწილი.
ჩვენს შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია სივრცის მეპატრონეების პოზიცია: მხარში დგომის დაპირების მიუხედავად, ისინიც შეაშინეს, მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, რომელიც მოულოდნელად და არსაიდან დადგებოდა, პარასკევის ღონისძიების დაჯარიმების გარეშე; ფაქტობრივად, ღონისძიების გაგრძელება შეუძლებელი გახდა მაშინ, როდესაც ზაფხულში სახელმწიფოსგან მოწყობილი საბოტაჟის მსხვეპრლები უკანასკნელ ძალებს ვიკრებთ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რასაც ემსახურებოდა კიდეც ROKVA SPINOFF.
ხელისუფლება მუდმივად უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კომპრომისზე და უკვე მეორედ გვაყენებს გამოუსწორებელი ზარალის წინაშე, მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული ყველა ღია თუ დახურული სივრცე, გარდა კლუბებისა, შეუფერხებლად მუშაობს კოვიდრეგულაციების დაცვით." - წერს ROKVA Festival
ROKVA Festival ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კოვიდ უსაფრთხოება მეასეხარისხოვანი მიზეზია ხელისუფლების მხრიდან საკლუბო ღონისძიებების ასაკრძალად. როკვა წერს, რომ ფესტივალის ბილეთების შესახებ ინფორმაციას მალე განათავსებს.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მათი, თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
მათი თქმით, კლუბების ფუნქციონირება კვლავ შეზღუდულია.
"აკრძალვის მიუხედავად, ზოგიერთი კლუბის მიერ დაანონსდა რამდენიმე ღონისძიების ჩატერება, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურში კვლავ გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები, იმსჯელეს სექტორის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებულ გზებზე, რის შემდეგაც განხორციელდა დაანონსებული ღონისძიების გაუქმება.
მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.
პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.