Reuters საზღვაო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი თხევადი ბუნებრივი გაზის ტანკერს (LNG) ხმელთაშუა ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული ტანკერი მალტის სანაპიროსთან ახლოს იწვოდა.
Reuters-მა, მალტის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით, ასევე გაავრცელა 3 მარტის გამთენიისას გამოქვეყნებუი ფოტოები და ვიდეოები, რომელშიც ჩანს გემიდან ამომავალი დიდი ალი. მათივე ცნობით, გემის ეკიპაჟი ლიბიის სიახლოვეს სამაშველო ნავზე იპოვეს.
ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ხანძარი შესაძლოა უკრაინული საზღვაო დრონის თავდასხმით ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. უკრაინის სამხედრო ძალებს აღნიშნულ ცნობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
