logo
ENG



Reuters: ამერიკელების 74% უკრაინის ცის დაკეტვის მომხრეა

05 მარ 202214:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/snhrugg2dyen0jl.jpg
Tim Reichert / Reuters

გამოცემა როიტერსის მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-მ NATO-სთან ერთად რუსეთისგან დაცვის მიზნით უკრაინის ცა უნდა დაკეტოს. ამერიკელები ასევე მხარს უჭერენ რუსეთისგან გაზისა და ნავთობის შეძენის შეწყვეტას.

უკრაინის შესახებ გამოკითხვა კომპანია იფსოსმა ელექტრონულად ჩაატარა. მონაწილეობა 831-მა ზრდასრულმა მიიღო. როიტერსი აცხადებს, რომ ეს კვლევები ასახავს ამერიკელების უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის 74% მიიჩნევს, რომ NATO-მ და აშშ-მ უკრაინის ცა უნდა დაკეტონ. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა შორის თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან, როგორც დემოკრატები ასევე რესპუბლიკელები.

თანაბრად ორპარტიულია ამერიკელების აზრი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შეძენა. აღსანიშნავია, რომ 62% აცხადებს, რომ მზადაა, მეტი გადაიხადოს გაზსა და საწვავში თუ ეს სხვა დემოკრატიული ქვეყნის დაცვას ემსახურება.

რაც შეეხება სანქციებზე აშშ-ის პოზიციას, ამერიკელების 81%-ს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს, 77% კი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს აშშ-მ აქტივები უნდა გაუყინოს.

ამასთანავე, გამოკითხულთა 72%-ის აზრით აშშ უკრაინას იარაღით უნდა დაეხმაროს. თუმცა უმრავლესობა ეწინააღმდეგება უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას ან უკრაინის ჯარების დასახმარებლად ამერიკის მხრიდან საჰაერო შეტევებს.

მოსახლეობის 74% აცხადებს, რომ აშშ-მ უნდა მიიღოს ლტოლვილები უკრაინიდან, რაც, როგორც კვლევის ორგანიზატორები ამბობენ, მოულოდნელად მაღალი მაჩვენებელია.

ამ შედეგებიდან გამომდინარე, როიტერსი წერს, რომ იზრდება წნეხი აშშ-ის პრეზიდენტზე, რომ გაამკაცროს რუსეთისთვის სანქციები და გაზარდოს უკრაინისადმი მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით აშშ-ის კონგრესს უკვე მიმართა.


close დახურვა