აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ევროპაში სამხედრო დანაყოფებს ახლებური გადანაწილების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 800 სამხედრო ბალტიის რეგიონში გაემგზავრება რვა ეთეული F-35 გამანადგურებელი ვერტმფრენი კი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგისკენ გაემგზავრება. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით აცნობა.
გარდა ამისა, აშშ ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში ევროპის სხვადასხვა ლოკაციიდან 32 ერთეულ AH-64 თავდამსხმელ ვერტმფრენს გაგზავნის. აღსანიშნავია, რომ აშშ ევროპის ტერიტორიაზე არსებული ძალების რელოკაციას გეგმავს და დამატებითი სამხედრო დანაყოფები და ტექნიკა აშშ-დან რეგიონში არ გაიგზავნება.
„ეს დამატებითი პერსონალი NATO-ს მოკავშირეების გასამხნევებლად გადაგვყავს ლოკაციებზე, რათა შევაკავოთ NATO-ს წევრ ქვეყნებზე ნებისმიერი პოტენციური აგრესია და ადგილობრივი ერების ძალებთან ერთად გავიაროთ წვრთნები“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება.
აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.