logo
ENG



Reuters: ლავროვის დელეგაციას გაეროს ასამბლეაზე დასწრებისთვის საჭირო 56 ვიზა ჯერ არ მიუღია

03 სექ 202216:57
3 წუთის საკითხავი
 

გამოცემა Reuters-ის ცნობით, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 56 ვიზა მოითხოვა, რათა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა დელეგაციამ ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრება შეძლონ, თუმცა ვიზები ამ დრომდე არ მიუღიათ.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, გაეროში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია წერს, რომ საგანგაშოა, რომ გასულ თვეებში ვაშინგტონმა რუსეთის დელეგაციის წევრებს, ვინც გაეროს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდა, ქვეყანაში შესვლისთვის საჭირო ვიზებზე უარი არაერთხელ უთხრა.

ნებეზნიას თქმით, ვიზისთვის საჭირო დოკუმენტები რუსეთის დელეგაციამ მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში წარადგინა.

მოთხოვნილი 56 ვიზა რომელიც, მოსკოვმა მოითხოვა მოიცავს დიპლომატების ჯგუფს, ვინც სერგეი ლავროვთან ერთად ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას უნდა დაესწროს, რომელიც 20 სექტემბერს იწყება.

ნებეზნიამ განმარტა, რომ ვიზები არც იმ ჟურნალისტებს მიუღიათ, ვინც ლავროვს და მის დელეგაცია უნდა ახლდეს თან.

გაეროში რუსეთის ელჩმა გუტიერეშს სთხოვა, რომ „კიდევ ერთხელ მოუწოდოს აშშ-ის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ უნდა გასცენ ვიზები მთელ რუსულ დელეგაციასა და თანმხლებ პირებზე, მათ შორის რუს ჟურნალისტებზე“.

თებერვალში აშშ-მ ლავროვს "უკრაინაში არაპროვოცირებულ და უსამართლო შეჭრაში პირდაპირი პასუხისმგებლობის გამო" სანქციები დაუწესა. მიღებული ზომების ფარგლებში ლავროვის ის ქონება, რაც აშშ-ში აქვს გაიყინა და ამერიკელებს მასთან ბიზნეს კავშირები აეკრძალათ.

გაეროში რუს დიპლომატებსა და რუსულ დელეგაციას, ვაშინგტონის წინასწარი ნებართვის გარეშე ქალაქი ნიუ-იორკიდან 40 კმ-ს მიღმა გადაადგილება აეკრძალათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ამერიკა, როგორც გაეროს მასპინძელი ქვეყანა საკუთარ ვალდებულებებს სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, აშშ-ის კანონით, ვიზების გაცემის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ამიტომ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

1947 წლის გაეროს შტაბის შეთანხმებით, ამერიკის შეერთებული შტატები ზოგადად ვალდებულია გაეროს უცხოელ დიპლომატებს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს, თუმცა ვაშინგტონი აცხადებს, რომ ვიზაზე უარის თქმა "უსაფრთხოების, ტერორიზმის, საგარეო პოლიტიკის" მიზეზებით შეუძლიათ.


close დახურვა