logo
ENG



SCJ: აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა დამძიმდა

19 ოქტ 202313:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/mj0ddg1ttijh8k5.png

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SCJ) ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

SCJ-ს შეფასებით, არსებითია ბებუას დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

"ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე კი, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, მისი მდგომარეობა ახლა დამძიმებულია. ირაკლი ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას. აფხაზეთში პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა, თუმცა, გამოკვლევები არ არის სრულყოფილი შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების თქმით, იმის გამო, რომ ვერ ხდება დაავადების შესაბამისი გამოკვლევა, ვერ ინიშნება სათანადო და ადეკვატური მკურნალობაც. ირაკლი ბებუას მდგომარეობა მუდმივად მძიმდება, ამ პერიოდში მას აქვს მძიმე ტკივილები თავისა და წელის არეში და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

 

საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გალში კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა. მის სახლში ჩხრეკის დროს დე-ფაქტო მილიციამ ხელყუმბარა ამოიღო, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარ საწოლში, ბალიშის ქვეშ ინახავდა. 

ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების "სამართალდამცავ ორგანოებთან" დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად, დაწვა. 

ბებუას უკანონო ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისთვის.

საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


close დახურვა