logo
ENG



SD: 7 358 სოცდაუცველი ბავშვის არსებობის ფონზე, ზუგდიდის მერიამ ეპარქიას 580 000 ლარი მისცა

12 აგვ 202114:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/l81rvzzhspmkax1.jpg
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდში 7 358 სოციალურად დაუცველი ბავშვის არსებობის ფონზე, ადგილობრივმა მერიამ 2018-2020 წლებში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ბიუჯეტიდან 580 000 ლარი მისცა. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ბევრად მეტს უხდის ეკლესიას, ვიდრე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში ხარჯავს.

მათივე ცნობით, 2018-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ​სოცდაუცველ მოსახლეობაზე მხოლოდ 363 100 ლარი დაიხარჯა, 217 000-ით ნაკლები, ვიდრე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას გადაუხადეს. ​

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-2019 წლებში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლური ეკლესიის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დაფინანსებაში 420 000 ლარი დახარჯა, ხოლო 2020 წელს დამატებით 160 000. თანხები ბიუჯეტიდან ძირითადად ზუგდიდის სხვადასხვა საკათედრო ტაძრის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და რელიგიური ღონისძიების აღსანიშნად იხარჯებოდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს "ვლაქერანობის" დღესასწაულს, აღნიშნული დღესასწაული რელიგიური და პილიგრიმული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა "ვლაქერანობის" აღსანიშნად 2018-2019 წლებში 40 000 ლარი გადაიხადა. მუნიციპალიტეტს 2 წლის განმავლობაში "ვლაქერანობის" დღესასწაულის ჩატარება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები დააჯილდოვეს მათი ღვაწლის დაფასებისთვის, ამაში მუნიციპალიტეტმა 23 083 ლარი გადაიხადა, 2019 წელს კი მუნიციპალიტეტმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღისთვის მხოლოდ 110 ლარი დახარჯა, ამ თანხით მათ მხოლოდ ბუშტები შეიძინეს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღისთვის არც 2018 და არც 2020 წლებში ფული არ დახარჯულა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა 2014-2016 წლებში რელიგიურ ორგანიზაციებს 1 267 604.3 ლარი გადასცა, აქედან ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 329 896 ლარი გადაიხადა – ვლაქერანობის დღესასწაულის აღსანიშნად (29 996), საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის (279 900) და ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ეკლესიის მშენებლობისთვის (20 000).

2017-2019 წლებში რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადახდილი თანხა 1 434 627 ლარამდე გაიზარდა, აქედან ყველაზე მეტი თანხა სწორედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა – 500,000 ლარი, ეს თანხა დაიხარჯა "ვლაქერანობის" დღესასწაულის ჩატარებაში, ასევე, ეკლესიებისა და საკვირაო სკოლების მშენებლობაში. ამავე პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა საპატრიარქოს 144 867 კვ.კმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცა.

2018-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა 65 828 ლარი დახარჯა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების დღის აღსანიშნად, რაც 514 172 ლარით ნაკლებია რელიგიურ იმ თანხასთან შედარებით, რაც მუნიციპალიტეტმა 3 წლის განმავლობაში გადაუხადა ეკლესიას.

ეს ყველაფერი კი იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტში 2018-2020 წლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების (0-18 წლის) მიხედვით ასე გამოიყურებოდა: 2018 წელს - 3 194 ბავშვი, 2019 წელს - 6 234 ბავშვი, 2020 წელს - 7 358 ბავშვი.

2018-2020 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამისთვის (06 02 03) ბიუჯეტიდან ჯამში 363 100 ლარი გამოყო, რაც ამ 3 წელიწადში ეკლესიისთვის გადახდილ თანხაზე 216 900 ლარით ნაკლებია", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა