TBC ბანკი ფორმულასთან აცხადებს, რომ დახურა დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაციის ანგარიში, რომლის დამფუძნებელი ორგანიზაციაც სანქცირებულთა სიაშია.
TBC ფორმულასთან განმარტავს, რომ განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და შესაბამისად, დააინიცირა იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვა.
ბანკის ცნობით, მათ ფიზიკური პირის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ანგარიში არ დაუხურავთ. TBC-ის თქმით, ფაქტი, რომ იურიდიული ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანიზაცია სანქცირებულთა სიაშია, ანგარიშის დასახურად საკმარისი საფუძველია.
TBC მომხმარებლის კონფიდენციალურობის მიზნით, არ ასახელებს იმ ორგანიზაციის სახელს, რომლის ანგარიშიც სანქცირებულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო დახურა.
სავარაუდოდ, საუბარია პრიმაკოვის ფონდზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული გორჩაკოვის ფონდის მიერაა შექმნილი. დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორი 2013 წლიდანაა.
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ 2013 წელს შეიქმნა. ცენტრი რუსული ენის კურსებს და სხვა ღონისძიებებს აფინანსებს. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა.
ალექსნდრ გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდი ევროკავშირის სანქცირებულ ორგანიზაციათა სიაში 2022 წლის 21 ივლისიდანაა. ის ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც ევროკავშირის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს.
ევროკავშირის ცნობით, ორგანიზაცია 2010 წელს დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის დამაარსებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელია.
ევროკავშირის სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა შესახებ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს გორჩაკოვის ფონდს, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ანალიტიკურ ცენტრებს აფინანსებს.
„გორჩაკოვის ფონდი შექმნილია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის კომპატრიოტებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომლებიც კრემლის იდეოლოგიურ ობიექტებს წარმოადგენენ. გორჩაკოვის ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტები რუსეთის საგარეო პოლიტიკის დისკურსის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს“ - აცხადებს ევროკავშირი.
ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი L 193 - გვ. 186.
***
დღეს, ნინო ბურჯანაძის პარტია გაერთიანებული დემოკრატების ყოფილმა წევრმა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ TBC ბანკმა სანქციები დაადო.
ლორთქიფანიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ბანკმა ანგარიშები დაუხურა.
„TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!!“ - წერს ლორთქიფანიძე.
ამავე ფეისბუქ პოსტის კომენტარებში მან ასევე გამოაქვეყნა ანგარიშების დახურვის შესახებ TBC ბანკის განმარტება.
TBC აცხადებს, რომ ანგარიშების დახურვა ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით გადაწყვიტეს.
ბანკის თქმით, მათ კანონმედლობით აქვთ უფლება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი თქვან ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე.