ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი (TDI) კიდევ ერთხელ ეხმაურება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მოუწოდებს საპატრიარქოს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს იგი. TDI-ში მიაჩნიათ, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს.
TDI-ი მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაზე ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებასაც აფასებენ და მას შემაშფოთებელს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ელჩი არ უნდა აკეთებდეს ანტისემიტური ქადაგების მხარდამჭერ განცხადებას, უნდა ჰქონდეს სეკულარული პოზიცია და საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს იცავდეს.
"მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგების შემდეგ სოციალურ მედიაში გაჩნდა არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს იგი. საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება. დღემდე საქართველოს საპატრიარქო არ აღიარებს, რომ მიტროპოლიტის ქადაგება შეიცავდა ანტისემიტურ შინაარსს და ამ განცხადებების გამო ბოდიში არავის მოუხდია", - აცხადებენ TDI-ში.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმის ნაცვლად, რომ საკუთრი პოზიცია კრიტიკულად გადაეაზრებინა, მიტროპოლიტმა, სრულიად უსაფუძვლოდ ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა უფლებადამცველები და კონკრეტული ადამიანები, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და დეკანოზი ბასილ კობახიძე.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების "ეკლესიასთან მებრძოლებად" მოხსენიებაც.
ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.
"ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. [...]
საქართველოში მართლმადიდებელი მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მხრიდან იუდაური რელიგიისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა, იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაცაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
იოანე გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მისი თქმით, იოანე გამრეკელს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. ლაშა ჟვანია ამტკიცებს, რომ "მეუფე იოანე მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე".
მისი თქმით, ეპისკოპოსი "ციტირებას უკეთებს წმინდა ამბროსი მედიოლანელის 1600 წლის წინანდელ დიალოგს მეფესთან. შემდეგ კი სახარებიდან მათ მიმართ, ვინც ეკლესიას ცილს წამებს, მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები “ურწმუნო მოდგმის” ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და დასძენს, რომ ეს ფრაზა არ შეიძლება ეთნიკური საზომით გავზომოთ და რომელიმე ერს მივუსადაგოთ, არამედ განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე. (წაიკითხონ მარკოზის სახარება)".