logo
ENG



TDI: სულ უფრო საგანგაშო ხდება ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების მიმართ

02 ივლ 202115:03
3 წუთის საკითხავი
 
TDI: სულ უფრო საგანგაშო ხდება ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების მიმართ

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამოაქვეყნა ანგარიში: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში პანდემიის პირობებში და მის მიღმა. 

ორგანიზაციის დასკვნით, სულ უფრო საგანგაშო ხდება ხელისუფლების დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ. TDI-ის შეფასებით, ხელისუფლება ღიად და ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. 

ასევე, ანგარიშის მიხედვით: 

  • კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ უმცირესობებზე აისახა. შექმნილმა ვითარებამ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში არსებული არაერთი სისტემური პრობლემა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. პანდემიის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა. რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ.

  • დიფერენცირებულ მიდგომას თან ერთვოდა უმაღლესი თანამდებობის პირების დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებები. განსაკუთრებით საგანგაშო იყო პრემიერ გახარიას და ვიცეპრემიერ ცქიტიშვილის დისკრიმინაციული და არასეკულარული განცხადებები, რომლითაც მათ პანდემიის დროს საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა გაამართლეს.

  • კვლავინდებურად პრობლემური დარჩა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი და საქმიანობა. სააგენტოს, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების და ზოგადად, პანდემიის პერიოდში, არ გაუკეთებია არცერთი განცხადება და არ მოუმზადებია რაიმე დოკუმენტი/რეკომენდაცია კრიზისულ სიტუაციაში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

  • საანგარიშო პერიოდში კვლავ გადაუჭრელი დარჩა არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებული დისკრიმინაციული კანონმდებლობის აღმოფხვრის საკითხი. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საგადასახადო კოდექსში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებზე საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება რელიგიური ორგანიზაციების სამი სარჩელის განხილვა.

  • 2021 წლის 13 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის მერიის უარი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე არის უკანონო და დისკრიმინაციული.

  • მიუხედავად სასამართლოს მიერ მუსლიმების სასარგებლოდ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისა, მუსლიმი თემი კვლავ ვერ ახერხებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას. შედეგად, განგრძობადი ხასიათს ატარებს მათ მიმართ საკუთრებისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის უკანონო ხელყოფა.

  • პრობლემად რჩება საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დაცვის საკითხი. რელიგიური ნეიტრალობის სავარაუდო დარღვევას ასევე ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესში „სამშობლომცოდნეობის“ გაკვეთილების ინტეგრირებისას. 2020 წელს გავრცელებული ინფორმაციით, სკოლები მოსწავლეებს „სამშობლოთმცოდნეობის“ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას სთავაზობდნენ. გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს, აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე და დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით.

  • დადებითად უნდა შეფასდეს განათლების სამინისტროს მიერ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესში ადამიანის უფლებების ექსპერტების ჩართვა. 2020 წელს შეფასდა და დამტკიცდა მე-8 კლასის სახელმძღვანელოები; 2021 წელს კი გრძელდება მე-9 კლასის სახელმძღვანელოების რეცენზირება.

  • 2020 წელს დაირღვა იმ აბიტურიენტების უფლებები, რომლებიც საკუთარი რელიგიური რწმენის გამო ვერ შეძლებდნენ გამოცდაში მონაწილეობას შაბათ დღეს. გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა მათ უარი უთხრა სხვა დღეს დანიშნულ გამოცდაზე დასწრებაზე. TDI-ს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და გამოცდების ცენტრს კონკრეტული აბიტურიენტებისთვის გამოცდის სხვა დღეს გადატანა დაავალა.

  • წინა წლების მსგავსად, რელიგიური ნიშნით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, იეჰოვას მოწმეების უფლებების დარღვევის, დევნისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურების, პროკურატურის მიერ პირის დაზარალებულად ცნობისა და ბრალის წარდგენის პრობლემა.

  • სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობამ და დანაშაულების ეფექტიან გამოძიებაზე უარის თქმამ წაახალისა მუსლიმების მიმართ დევნა და ამგვარი დანაშაულები განგრძობადი და გან- 9 მეორებადი გახადა. შედეგად, 2021 წლის იანვარში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმების დევნის ახალი კერა გაჩნდა.

  • თვალსაჩინო იყო ქვემო ქართლში ეთნიკური აზერბაიჯანელი და მუსლიმი მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება. საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებისთანავე ხელისუფლებამ განსაკუთრებულად მკაცრი ზომები სწორედ აღნიშნულ რეგიონში გაატარა. ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების მიმართ ხისტ საპოლიციო მოქმედებებს და ქსენოფობიურ განცხადებებს. განსაკუთრებული აქტიურობით მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გამოირჩეოდა, რომელიც მუდმივად აღვივებდა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შუღლს. მას მხარს ქსენოფობიური ჯგუფი, ქართული მარშიც უჭერდა.

  • მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან შემაშფოთებლად იმატა ანტისემიტური განცხადებების გაჟღერების შემთხვევებმა. პარალელურად, სოციალურ ქსელებში არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი გაჩნდა. არც ეკლესიას და არც სახელმწიფოს არ გაუკეთებიათ ანტისემიტიზმის კონკრეტული შემთხვევების კრიტიკული შეფასება.

close დახურვა