logo
ENG



TI: ახალციხეში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ

12 აგვ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 
l3hyzutq9lhamx2.png

ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს ერთი ოჯახის წევრები აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ნაირა ხაბულიანი რამდენიმე ანაზღაურებად საქმიანობას ითავსებს. მათ შორის ერთ-ერთი „ახალციხის კლინიკა იმედში“ ეპიდემიოლოგის პოზიციაა.

TI-ის ცნობით, მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, დაინტერესდნენ ნაირა ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

"კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს სამცხე-ჯავახეთში ცხელების ცენტრები სწორედ იმ სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა, სადაც ნაირა ხაბულიანი ეპიდემიოლოგიად მუშაობს.

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ და „ახალციხის კლინიკა იმედის“ დირექტორები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უდასტურებენ, რომ 17 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით ხაბულიანი ორივე დაწესებულებაში ეპიდემიოლოგად მუშაობას ერთდროულად აგრძელებდა. საქართველოს მთავრობის N253-ე დადგენილების მიხედვით, მას მუშაობა მხოლოდ ერთ ცხელების ცენტრში შეეძლო. ბუნებრივია, აღნიშნული ცხელების ცენტრებიდან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ხაბულიანის შვილის დაქვემდებარებულ რეგიონულ ცენტრს მიეწოდებოდა. მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს იმ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ხარჯები და შესრულების ეფექტიანობა, რომლებსაც დედა-შვილს დაქვემდებარებული უწყებები ერთობლივად ახორციელებენ", - წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა