ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში.
თუმცა, TI-ის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
"2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში. 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება.
პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლა ხშირი პრაქტიკაა და ეს თავისთავად არ არის პრობლემა. კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირობებს უცვლის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავს", - აღნიშნულია TI-ის ინფორმაციაში.
ორგანიზაცია პრივატიზაციის ოფშორთან კავშირებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ვანო ჩხარტიშვილის შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა, რომ ოფშორული კომპანიის მესაკუთრე შეიძლება მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი იყოს.
"2007 წლის 9 აგვისტოს დაარსებული შპს „სომგოს კომპანიას“ მესაკუთრე სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია „სონატა ალიანს ინკია“, რომლის 100%-ის მფლობელი და დირექტორი 2014 წლიდან ვანო ჩხარტიშვილის შვილი ნათია ჩხარტიშვილია. შპს „სომგოს კომპანიის“ დირექტორი ლევან სკამკოჩაიშვილია, რომელიც ამავდროულად ვანო ჩხარტიშვილის კომპანია „თბილისის თამბაქოს“ დირექტორის თანამდებობას იკავებს. შპს „სომგოს კომპანია“, რომლის ეკონომიკურ საქმიანობადაც „ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობები“ არის მითითებული, საქსტატის მონაცემებით არააქტიურია.
„სონატა ალიანს ინკის წილები და დირექტორი წლების განმავლობაში ვანო ჩხარტიშვილის შვილებსა და რამდენიმე სხვა პირს შორის იცვლებოდა. საჯარო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემებით, კომპანია ნათია ჩხარტიშვილის მფლობელობაშია.
ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია, რომლის ბიზნეს ინტერესების დიდი ნაწილი დაფარულია ოფშორული კომპანიების გამოყენებით. ეს ფაქტი 2016 წელს გაჟონილმა Panama Paper-ის სახელით ცნობილმა დოკუმენტებმა დაადასტურა. ჩხარტიშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (2001-2004 წწ) და შემდეგ მე-6 მოწვევის (2004-2008 წწ) პარლამენტის წევრი იყო. მისი სახელი დაკავშირებულია რამდენიმე კორუფციულ სკანდალთან, მათ შორის არის „ომეგა ჯგუფის“ გახმაურებული საქმე და სასამართლოზე არასათანადო გავლენის სავარაუდო შემთხვევა (რადიო თავისუფლების 2023 წლის გამოძიება).
2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ვანო ჩხარტიშვილზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, დასანქცირების მიზეზები, ერთი მხრივ, მისი ბიზნეს კავშირია რუსული ენერგეტიკის სექტორთან, ხოლო, მეორე მხრივ, მისი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც სააგენტოს თანახმად, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს.
ზოგადად, ოფშორულ კომპანიებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ხშირად უცნობია საბოლოოდ ვინ დგას ამ კომპანიების უკან და ვინ და რა პირობებით იღებს სარგებელს ხალხის ქონებისგან. ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული პრივატიზაციის ეს შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა, რომ ოფშორული კომპანიის მესაკუთრე შეიძლება მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი იყოს", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
გასულ წელს, უკრაინულმა პორტალმა ომი და სანქციები, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი, 12 ქართველის მონაცემები გამოაქვეყნდა, რომელთა შორის ვანო ჩხარტიშვილიც მოხვდა - პორტალის შემქმნელები მიიჩნევდნენ, რომ ჩხარტიშვილი საქმიანობის, კავშირების ან უკრაინაში ომთან დამოკიდებულების გამო, სანქცირებულთა სიის კანდიდატობას იმსახურებდა.
2021 წელს შაბათის ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან ერთად ბენზინის კორუფციული სქემის უკან დგას.