logo
ENG



TI: რუსული კანონი შემაშფოთებელია, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას

23 თებ 202311:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/23/165inyz3qj0jhnx.png

საერთაშორისო გამჭვირვალობა პარლამენტში დარეგისტრირებული რუსული კანონპროექტის გამო, რომლის შინაარსსაც ქართული ოცნება მხარს უჭერს, შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას კანონპროექტის დამტკიცებაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, რუსული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, "ის სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ისედაც შემცირებულ სივრცეზე, ასევე ძირს უთხრის მომავალ პროგრესს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ".

განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია და ის საერთაშორისო გაერთიანების მიერ მკაცრად არის დაგმობილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს.

"წინადადება, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, "უცხოურ აგენტებად" გამოცხადდნენ, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მისწრაფებებს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს უდიდესი აქტივია. შემოთავაზებულ კანონპროექტი გამჭვირვალობას კი არ შეეხება, არამედ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის სტატუსის მინიჭებას და დემონიზებას. მიღების შემთხვევაში, ის გზიდან გადაიყვანს სფეროების ფართო სპექტრის პროგრესს მომავალში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლასაც", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.

ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.

სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას


close დახურვა