logo
ENG



TI: სასამართლოს განჩინება TV პირველის ჟურნალისტის მიერ წყაროს დაცვას საფრთხეს უქმნის

11 მარ 202117:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/11/s8xe6jg2f59r7iy.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მიეცა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს. 

მათივე შეფასებით, განჩინება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს.

"საჯაროდ გავრცელებული სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ იკვეთება, რომ იგი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის კრიტერიუმს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მედია საშუალება წყაროს გაუთქმელობის აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის, ასევე მასთან დაკავშირებული საგნის ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით (Nagla v. Latvia, Martin and Others v. France) დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. სასამართლოს განჩინებაში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტვ პირველისთვის“ გადაცემული კონვერტის ამოღებაზე ნებართვა კი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძებო ორგანოს მიზანი წყაროს იდენტიფიცირებაა.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. გააცნობიეროს ის სერიოზული რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინებიდან და მისი შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებელია ხელისუფლებამ შეწყვიტოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.

დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. 

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა. ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ უპასუხეს. 

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა