logo
ENG



TI: ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% ქართულმა ოცნებამ მიიღო

30 ოქტ 202015:00
3 წუთის საკითხავი
 
awhbldbt4jqdxrc.jpg

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ (TI) საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტის შემოწირულების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. კვლევიდან ირკვევა, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% მმართველმა პარტიამ, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, მიიღო. საპარლამენტო არჩევნების წელს (2016) ქართული ოცნების წილი მთლიან შემოწირულებებში 66% იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს (2017) კი ეს მაჩვენებელი უკვე 88% გახდა. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მმართველი და სხვა პარტიების მიღებულ შემოწირულებებს შორის სხვაობის შემცირება ძირითადად იმან განაპირობა, რომ აქამდე არსებულ ფინანსურად ძლიერი პარტიების ტრადიციულ სიას დაემატა ახალი პარტია ლელო საქართველოსთვის და საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი.

"არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან (პარტია და ბლოკი) 29 იყო ისეთი, რომელმაც 2020 წლის 1 იანვრიდან  15 ოქტომბრამდე შემოწირულება მიიღო. ამ სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულებების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს - 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას ლელო საქართველოსათვის – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს", - ნათქვამია TI-ის ანგარიშში.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (1 ოქტომბრამდე) დაახლოებით 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ  ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ. 

"ტენდერების გარდა, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დაახლოებით 3.8 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ კომპანიებიდან აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია", - აცხადებენ საერთაშორისო გამჭირვალობაში.

კვლევის თანახმად, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს, ხოლო სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების განხორციელება - ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 447,500 ლარი შესწირეს.  

TI-ში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 6%-ა.

"მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს კანდიდატები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას", - აცხადებენ TI-ში.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის იანვრის შემდეგ საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.1%-ა. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია).

საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიშში პატრიოტთა ალიანსიც მოხვდა. კერძოდ, პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22.6%-ა. ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.

"აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის დოსიე ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოსაზრებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება უნდა აღიჭურვოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწიოს ზედამხედველობა.


close დახურვა