logo
ENG



TI და ISFED: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს

08 მაი 202319:45
3 წუთის საკითხავი
 
TI და ISFED: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს

არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ეხმაურებიან ეხმაურებიან მმართველი პარტიის წევრების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.

"კანონის პროექტზე მომზადებულ განმარტებით ბარათში ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ცესკოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყვნენ კანონმდებლობით განსაზღვრული სრული ვადით და აღარ გახდეს საჭირო ე.წ „ჩიხური მდგომარეობიდან“ გამოსავლის დამატებითი მექანიზმების გამოყენება.

თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი არსებულ უმთავრეს გამოწვევას - ნდობის ნაკლებობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ აქამდე არსებულ ფუნდამენტურ შეთანხმებას, მმართველი პარტიის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და კომპეტენტური ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების მაღალი კვორუმით, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩევა წარმოადგენდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად საკითხს. 

გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, დამოუკიდებლობის ნაკლებობის საკითხი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ამ ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინება კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთია.

წარმოდგენილი კანონპროექტი აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, აძლევს რა მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას. ამავდროულად, გამორიცხავს პრეზიდენტის რეალურ მონაწილეობას ცესკოს დაკომპლექტებაში და მას უტოვებს უმნიშვნელო როლს, რათა კონსტიტუცია ფორმალურად არ იქნეს დარღვეული. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს"-ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.


close დახურვა