რუსული კრიტიკული ტელეარხის, TV Rain-ის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ დზიადკომ რუსეთი დატოვა. როგორც ის თავის ტელეგრამარხზე წერს, მსგავსი გადაწყვეტილება რედაქციის ზოგიერთმა თანამშრომელმაც მიიღო.
"TV Rain-ის ვებგვერდის, სოციალური მედიის ანგარიშების უკანონო დაბლოკვისა და ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ მუქარის შემდეგ, ცხადია, რომ ზოგიერთი ჩვენგანის პირადი უსაფრთხოება საფრთხეშია", - წერს დზიადკო.
მისივე თქმით, TV Rain-ის მიმართ გამოტანილ ყველა გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. როგორც ის აღნიშნავს, სხვა ქვეყნიდან მაუწყებლობა არ იგეგმება.
რუსეთში რადიოსადგური ეხო მოსკვი და ტელეარხი TV Rain გათიშეს.
მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და TV Rain-ის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა.
უწყებაში ამბობენ, რომ ეხო მოსკვის და TV Rain-ის მიერ განთავსებული მასალა "შეიცავს ძალადობის მოწოდებას, ასევე მოწოდებას აქციებში მონაწილეობისკენ და შეგნებულ ცრუ ინფორმაციას".