logo
ENG



TV პირველის ადვოკატი: შესაძლოა, სტრასბურგს მივმართოთ, რომ თავიდან ავიცილოთ შემოჭრის რისკი

11 მარ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 

"განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება", - ამის შესახებ TV პირველის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა.

საქმე ეხება სასამართლოს განჩინებას, რომლითაც პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მიეცა.

"ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასეთი ტიპის განჩინებები ზოგადად მისი აღსრულებით 48 საათში საჩივრდება, ვადა ასეთია, თუმცა ჩვენ ამ ვადის დადგომას ვერ და არ დაველოდებით.

ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ხვალ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა. 

ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

 

close დახურვა