logo
ENG



Tbilisi Pride: ვთხოვთ "რიონის მცველებს", მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას

24 მაი 202122:43
3 წუთის საკითხავი
 
Tbilisi Pride: ვთხოვთ "რიონის მცველებს", მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისი პრაიდი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციების ორგანიზატორებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, გაემიჯნონ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც ქვიართემის წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი იზიარებენ "რიონის მცველების" მოთხოვნებს და მიაჩნიათ, რომ პროტესტი სამართლიანია. სწორედ ამიტომ, პრაიდში აცხადებენ, რომ გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს არ უნდა მიეცეთ პროტესტის დისკრედიტაციის საშუალება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მიზნებისთვის მებრძოლი მოძრაობები და აქტივისტები გაემიჯნონ ამ ექსტრემისტულ, ძალადობრივ დაჯგუფებებს და ხმამაღლა დაგმონ მათ მიერ აქციებზე განხორციელებული ძალადობის აქტები. სხვა შემთხვევაში, ვშიშობთ, ამ დაჯგუფებებმა შეიძლება მოახერხონ პროტესტის დისკრედიტაცია და არასწორი მიმართულებით წარმართვა, რაც არც ჩვენი და არც რიონის ხეობის მცველთა ინტერესებში არ არის.

ვთხოვთ "რიონის ხეობის მცველებს", პატივი სცენ ჩვენს გამოხატვის თავისუფლებას, მკაფიოდ გაემიჯნონ ყოველგვარ ძალადობას მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მათაც ჩვენთან ერთად მოთხოვონ სახელმწიფოს, აქციებზე მომხდარ თავდასხმებზე ადეკვატური რეაგირება და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის წახალისება გამოიწვიოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ  აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიულმა ინიციატივამაც მოუწოდა, გაატაროს სათანადო ზომები სავარაუდო თავდასხმელთა წინააღმდეგ.


close დახურვა