logo
ENG



The Independent მალეტზე: ბორის ჯონსონის ყოფილ მრჩეველს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა

13 ნოე 202319:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/g9araatfnnnfpy4.png

ნაციონალური მოძრაობის ბრიტანელი კონსულტანტის, ბენ მალეტის საქართველოში არშეშვებაზე გამოცემა The Independent-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ყოფილ მრჩეველს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა, სადაც ის პროდასავლური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.

"პარტიის წევრების განცხადებით, ბენ მალეტს, რომელსაც ბრიტანეთის ორდენი აქვს მიღებული პოლიტიკური საქმიანობისთვის, ნაციონალურ მოძრაობასთან გარკვეული კონსულტაცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მას საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს"

The Independent-მა ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო-ასათიანიც ჩაწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ მალეტის არშეშვება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ის საქართველოში 1 კვირის წინაც იმყოფებოდა.

"ბენი პოლიტიკური კონსულტანტია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ სულ ახლახან დაიქირავა. ის საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა და საქართველოში შესვლისას გაურკვეველი მიზეზების გამო უარი უთხრეს შესვლაზე. წინა კვირას ვნახე, გასულ ხუთშაბათს. ყველაფერი სრულიად ნორმალურად იყო და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მთავრობა რაიმეს გააკეთებს", - განაცხადა კრევო-ასათიანმა.

კრევო-ასათიანი ამბობს, რომ მალეტი საზღვარზე იზოლაციაში მოათავსეს, ჩამოართვეს ყველანაირი ტექნიკა და მხოლოდ ქვეყნის დატოვების დროს გადასცეს. ახლა ის გერმანიაშია.

მისივე თქმით, მალეტის არშემოშვება საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება. The Independent-თან საუბარში კრევო-ასათიანმა ე.წ. გადატრიალების საქმეც გაიხსენა, როცა სუს-მა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება ბენ მალეტს, კრევო-ასათიანის თქმით, "შესვლაზე აკრძალვა ერთჯერადი ბრძანებაა", ასე რომ "თეორიულად მალეტს საქართველოში დაბრუნება შეუძლია კვლავ სცადოს". "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ამას გააკეთებს... ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება, თუ რა იქნება შემდგომში", - განაცხადა კრევო-ასათიანმა.

***

12 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რამდენიმე დღით ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც ის საქართველოში აღარ შემოუშვეს.

თბილისის აეროპორტში გვიან ღამით პარტიის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი მივიდნენ. ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა


close დახურვა