logo
ENG



UNICEF: სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა პრიორიტეტი უნდა იყოს

01 თებ 202114:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/3q9rudbfnd8p0bz.jpg
ფოტო: UNICEF/GEO-2020/Jibuti

გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმაურება დაწესებულ შეზღუდვებს, რამაც მცირეწლოვნებზე ზეგავლენა იქონია და აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა. ამასთან, მიესალმება მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გაიხსნას სკოლები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. 

UNICEF-ის განცხადებით, თუ ბავშვებს მოუწევთ კიდევ ერთი წელი სკოლის გარეშე ცხოვრება, ამას გავლენა მთელ თაობებზე ექნება.

"სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელ მსოფლიოში. გაუარესდა ბავშვებში წერის, კითხვის უნარები,  საბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები. მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხეშია. ყველაზე დაუცველი ბავშვები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები - ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან.

თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობის,  ფიზიკური აქტივობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ჯანმრთელობა უარესდება, გახშირდა ბავშვებში ფსიქიკური დარღვევების ნიშნები. უსაფრთხოების ინსტიტუციური მექანიზმის გარეშე, რომელსაც ხშირად სკოლა  უზრუნველყოფს, ისინი უფრო დაუცველნი არიან ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის საფრთხეებისგან", - ნათავამია UNICEF-ის განცხადებაში. 

მათივე რეკომენდაციით, სკოლის გახსნა-დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე ვირუსის გადაცემის რისკის შეფასება; ასევე, უნდა არსებობდეს სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგიები და ის სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ COVID-19-ის უსაფრთხოების წესებს და იცავენ შესაბამის რეგულაციებს, უნდა გაიხსნას. 

გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს, მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ COVID-19-ის ვაქცინა, მას შემდეგ რაც მოხდება სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცია. 


close დახურვა