"ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ეს ასე მოხდება", - ასე მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მოსახლეობას.
გებრეიესუსმა ქვეყნებს ეპიდემიის გასაკონტროლებლად და მის შესაჩერებლად ყოვლისმომცველი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ქვეყნებმა რაც შეიძლება მეტი შესაძლო შემთხვევის იზოლირება, ტესტირება და წარმომავლობის დადგენა უნდა მოახდინონ.
გებრეიესუსის განცხადებით, ფიზიკური დისტანცირების ზომები, როგორიცაა ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმება, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას, შედეგად შესაძლოა ეპიდემია მართვადი გახდეს.