ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი დომინანტური ომიკრონის ვარიანტი საშუალოდ ნაკლებად ძლიერია, ის აზრი, რომ ეს სუსტი დაავადებაა არასწორია.
„ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად ახალი ვარიანტების გამოჩენაც მოსალოდნელია, ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღრიცხვა და შეფასება. შეცდომა არ დაუშვათ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს. ნაკლებად მძიმე შემთხვევები კი საავადმყოფოებს მაინც გადატვირთავენ.
მე განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვინაიდან ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი არ არიან აცრილები“ - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევათა რეკორდული რიცხვები ფიქსირდება. საფრანგეთში სამშაბათს დღიურად დაახლოებით 500 000 შემთხვევა დაფიქსირდა, გერმანიაში კი პანდემიის დაწყებიდან პირველად ოთხშაბათს 100 000 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ომიკრონის ვარიანტით მსოფლიოში მხოლოდ გასულ კვირას ინფიცირების 18 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 14 555 ადამიანია გარდაცვლილი.