WHO ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, გააგრძელონ აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს კავშირს პრეპარატს და სისხლში თრომბის გაჩენას შორის.
WHO-მ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, მანამ, სანამ დადგინდება კავშირი პრეპარატს და რამდენიმე ადამიანის სისხლში თრომბის გაჩენას შორის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ აზრს დაადასტურებს.
WHO-ს ექსპერტები დღეს, 16 მარტს იკრიბებიან ამ საკითხის განსახილველად.
დღესვე შეიკრიბება ევროპის წამლის სააგენტო და ასტრაზენეკას და თრომბის კავშირზე იმსჯელებს. სააგენტო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს, 18 მარტს გამოაცხადებს.
განცხადება 2 დღის წინ თავად ასტრაზენეკამაც გაავრცელა და გამორიცხა კავშირი ვაქცინას და თრომბს შორის.
კომპანიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირში აცრილი 17 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 15 ადამიანის დაუდასტურდა ვენის ღრმა თრომბოზი და 22 ადამიანს - ფილტვის ემბოლია, რაც ვერ იქნება დაკავშირებული ვაქცინის უკუჩვენებებთან, ვინაიდან მოსახლეობის ამ რაოდენობისთვის მსგავსი სიმპტომები ბუნებრივია.
მეტიც, ასტრაზენეკას განცხადებით, კლინიკური ცდებით დადასტურდა, რომ თრომბოზული მოვლენების რაოდენობა მცირე იყო ვაქცინირებულ ჯგუფებში. არ არსებობს სისხლდენის მომატების მტკიცებულება.
ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოიტანეს. ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პირველ რიგში იცრება სამედიცინო პერსონალი.