ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] ცნობით, ომიკრონის ვარიანტი მინიმუმ 38 ქვეყანაში დადასტურდა, თუმცა ამ შტამით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ ომიკრონის შტამი უკვე 4 კონტინენტზე დადასტურდა. მათ შორის ბოლო 2 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ახალ ვარიანტს მიაკვლიეს ავსტრალია და ამერიკის შეერთებული შტატებია.
ჯანმოს ინფორმაციით, რამდენიმე კვირა იქნება საჭირო იმის დასადგენად, თუ რამდენად გადამდებია ეს შტამი და იწვევს თუ არა ის სერიოზულ ავადმყოფობას. ასევე დადგინდება რამდენად ეფექტურია მის წინააღმდეგ მედიკამენტებით მკურნალობა და ვაქცინაცია.
მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ფაქტები არ დასტურდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პარასკევს განაცხადა, რომ გავრცელების მაღალი რისკების გამო, მომავალ თვეებში ევროპაში კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევების ნახევარზე მეტი, შესაძლოა ომიკრონის ვარიანტი იყოს.
აღსანიშნავია, რომ პარასკევის კონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, სუმია სვამინატამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გამო პანიკა საჭირო არაა.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა. მეცნიერების პირველადი შეფასებებით, ეს ვარიანტი დელტა და ბეტა შტამებთან შედარებით 3ჯერ მაღალი რეინფიცირების რისკებს ატარებს.