ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას დღესასწაულებთან დაკავშირებული გეგმების გაუქმებისკენ მოუწოდებს. მთავარი მიზეზი ომიკრონის შტამის გლობალური გავრცელებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„გაუქმებულ სიცოცხლეს გაუქმებული გეგმები სჯობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა და ასევე აღნიშნა, რომ ვარიანტთან გასამკლავებლად, საჭიროა „რთული გადაწყვეტილებების მიღება“.
აღსანიშნავია, რომ ომიკრონი ამჟამად აშშ-ში კორონავირუსის მთავარი შტამია. ახალი ინფიცირებულების 73%-ს სწორედ ომიკრონის შტამი დაუდასტურდა.
კორონავირუსის ომიკრონის შტამი უკვე 89 ქვეყანაში დაფიქსირდა. არაერთი ქვეყანა უკვე ცდილობს ვირუსის ამ ვარიანტის გავრცელებისთვის ხელის შეშლას. პრევენციის ერთ-ერთი მთავარი ფორმა საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვებია.
ამერიკის ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ კი საზოგადოება გააფრთხილა, რომ საშობაო მოგზაურობებს ომიკრონის გავრცელება სრულად ვაქცინირების შემთხვევაშიც მოჰყვებოდა.
ლონდონის მერმა უკვე გამოაცხადა, რომ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტრაფალგარის მოედანზე ახალი წლის აღნიშვნის გეგმები გაუქმდა.
ნიდერლანდებში საშობაო პერიოდისთვის მკაცრი ლოკდაუნი უკვე გამოცხადდა. ახალმა ზელანდიამ კი საერთაშორისო მოგზაურობის დაშვების ფაზა თებერვლის ბოლოსთვის გადადო.
***
ცნობისთვის, გუშინ, 20 დეკემბერს საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ომიკრონის შტამი დაუდასტურდა საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიის მქონე 2 მოქალაქეს.
გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი იზოლირებულია. მათი დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი და იკვლევენ მათ 26 კონტაქტს.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ომიკრონის შტამისგან დასაცავად მოსახლეობას აცრისა და ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა.