გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ვაგნერელების ბელარუსში გადასვლის გამო უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარზე დაცვას აძლიერებს.
"მას შემდეგ, რაც რუსმა დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის დაქირავებული ჯარისკაცები ბელარუსში "გაგზავნა", უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მებრძოლებს ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერება დაავალა", - წერს გამოცემა.
გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი "აგრესია" რუსეთზე თავდასხმად ჩაითვლება, მოსკოვი კი უკრაინას "ქვეყანაში არსებული ყველა რესურსით" უპასუხებს.
27 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება ან ბელარუსში წასვლა შესთავაზა. შესაბამისი განცხადება პუტინმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
1 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. 14 ივლისს კი ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.