logo
ENG



WSJ: NATO ტრამპის შესაძლო გამარჯვების გამო უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ზომებს ამზადებს

02 ივლ 202411:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/16x4kycrn20afhr.jpg

NATO-სა და აშშ-ში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, Wall Street Journal წერს, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ახალი ზომები შეიმუშავეს იმ ფონზე, როცა ევროპაში ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერა იზრდება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კი შესაძლოა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს და უკრაინის სამხედრო დახმარება შეამციროს.

გამოცემის ინფორმაციით, NATO ახალი ნაბიჯების შესახებ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე ისაუბრებს, რომელსაც მომავალ კვირაში ვაშინგტონი უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, ახალ ზომებს შორისაა უკრაინაში NATO-ს მაღალჩინოსნის გაგზავნა და გერმანიაში ახალი სარდლობის განთავსება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინისთვის ტექნიკით დახმარებას და სამხედროების გაწვრთნას.

ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს წევრი სხვა სახელმწიფოების 700-მდე სამხედრო ჩაერთვება.

WSJ-ის ცნობით, ახალმა ინიციატივამ, რომელზეც NATO უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 27 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონკურენტ დონალდ ტრამპთან დებატებისას არც ისე კარგი შედეგი აჩვენა, ტრამპმა კი უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯული ფულის მოცულობის გამო უკმაყოფილება გამოხატა.


close დახურვა