logo
ENG



WSJ: გერმანიამ ესტონეთს უკრაინისთვის გერმანული წარმოების იარაღის გადაცემა დაუბლოკა

22 იან 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/22/rm1bysd64f7mr1s.jpg
The Wall Street Journal

გერმანია NATO-ს მოკავშირე ესტონეთს გერმანული წარმოების იარაღის კიევში ექსპორტზე უარით უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას უბლოკავს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის გადაცემაზე „მწვანე შუქი აუნთო“.

მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა, მათ შორის ბრიტანეთმა და პოლონეთმა უკვე განაცხადეს თანხმობა უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე, გერმანიის მთავრობა ჯერჯერობით იმავეს გაკეთებაზე უარს აცხადებს.

„გერმანია უახლოეს წლებში არ უჭერს მხარს ლეტალური იარაღების ექსპორტს“, - განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარასკევს გამართულ კონფერენციაზე.

ესტონური და გერმანული ოფიციალური წყაროების მიხედვით კი ბერლინი ამ პრინციპს ესტონეთის არსენალზეც ავრცელებს, ვინაიდან ეს აღჭურვილობა გერმანული წარმოებისაა.

„იმედი გვაქვს ჩვენ მივიღებთ თანხმობას გერმანიისგან. ესტონეთმა გამოხატა სურვილი, მხარი ფიზიკურად დაუჭიროს გერმანიას ნებისმიერი გზით, როგორც შეგვიძლია“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

გერმანიის ხელისუფლება განმარტავს, რომ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ამგვარმა დახმარებამ, შესაძლოა, დაძაბულობა გაამწვავოს და მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს.

აღსანიშნავია, რომ გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა საბრძოლო იარაღის წარმოებასა და ექსპორტში.

ბალტიის სამივე ქვეყანამ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ გაავრცელა ერთიანი განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინას ამერიკული წარმოების ჯაველინისა და სტინგერის რაკეტებს გაუგზავნიან.

„რუსეთის მხრიდან უკრაინასა და მის შემოგარენში მზარდი სამხედრო წნეხის ფონზე ბალტიის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უპასუხონ უკრაინის საჭიროებებს და დამატებითი თავდაცვასთან დაკავშირებული დახმარება გაუწიონ მას.

ეს დახმარება გაზრდის უკრაინისთვის საკუთარი ტერიტორიებისა და ხალხის დაცვის შესაძლებლობებს რუსეთის აგრესიის შემთხვევაში “ - ნათქვამია 3 ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაში.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა უკრაინას იარაღს უახლოეს მომავალში გადასცემს თუმცა იმედოვნებს, რომ მათი გამოყენება საჭირო არ გახდება. 

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 21 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ჟენევაში შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ.

გარდა ამისა ბლინკენის თქმით ის ლავროვს მომდევნო მოლაპარაკებების შესახებაც შეუთანხმდა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს. 

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 


close დახურვა