logo
ENG



WizzAir-ი მოლდოვიდან რეისებს აუქმებს

27 თებ 202323:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/aa0pivut6a44jfs.jpg

WizzAir-ი მოლდოვიდან რეისებს აუქმებს. კიშინიოვიდან ფრენები 14 მარტიდან შეწყდება.

"Wizz Air ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მოლდოვაში უსაფრთხოების ვითარებას და მუდმივ კომუნიკაციაში იყო ადგილობრივ და საერთაშორისო ხელისუფლებასთან და სააგენტოებთან უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. მოლდოვაში უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით და მაღალი, თუმცა არა მყისიერი, რისკების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების კუთხით, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა კიშინიოვში 14 მარტიდან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

არჩეული თარიღი შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ფრენების გაუქმების შემთხვევაში მგზავრებს ჰქონდეთ დამატებითი კომპენსაციის უფლება და არა მხოლოდ ბილეთის თანხის დაბრუნება. მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ ბილეთები კიშინიოვიდან ან კიშინიოვში 14 მარტის თარიღით, ჰპირდებიან თანხის დაბრუნების ან ბილეთის გაცვლის შესაძლებლობას.

მოლდოვური Newsmaker-ი წერს, რომ ინფორმაცია მათ სამოქალაქო ავიაციაშიც დაუდასტურეს. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან კიშინიოვი უკრაინელებისთვის ერთ-ერთ მთავარ საავიაციო "ჰაბად" იქცა. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმების პერიოდში, რუსული რაკეტები არაერთხელ გაფრენილა მოლდოვის საჰაერო სივრცეში და რაკეტების ფრაგმენტები სასაზღვრო ზონაშიც დავარდნილა, თუმცა ავიაკომპანიებს კიშინიოვში ფრენა არ შეუწყვეტიათ.

14 თებერვალს მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა. გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს, თუმცა მაშინ მოლდოვის ხელისუფლება არაფერს ადასტურებდა. ადგილობრივ მედიაში წერდნენ, რომ ქვეყნის თავზე სავარაუდოდ უცნობი დრონები აღმოაჩინეს.

სიტუაცია მოლდოვაში

9 თებერვალს ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ შეიტყო კრემლის გეგმების შესახებ მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. დაზვერვის ეს მონაცემები კიშინიონს გადასცეს.

მოგვიანებით მოლდოვის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მათ ასეთი ინფორმაცია კიევიდან ნამდვილად მიიღეს, მაგრამ უარი თქვეს დეტალების გამჟღავნებაზე.

მეორე დღეს მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად გადადგა მთელი მინისტრთა კაბინეტი.

მოლდოვაში ბოლო თვეებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა სანდუმ და მისმა მხარდამჭერებმა პრორუსული ძალები პროვოკაციების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.

12 თებერვალს უკრაინის დაზვერვამ გააფრთხილა მოლდოვა, რომ რუსეთის უახლოეს მომავალში იქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდა. ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გააკეთა.

დანილოვმა ინტერვიუს დროს მიანიშნა, რომ მოლდოვაში გადატრიალების მცდელობაში კრემლი ჩეჩენ ბოევიკებს გამოიყენებს, რომლებიც გასული წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციისთვის გაგზავნა. 


close დახურვა