„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი მარნეულში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდისთვის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ცნობილი იყო, მოსახლეობის დასახმარებლად ნაბიჯები არ გადადგმულა.
თარხნიშვილი ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ „ოცნებამ“ პანდემია საკუთარი ნათესავების და მეგობრების გამდიდრებისთვის გამოიყენა.
„მარნეულის მოვლენებმა კარგად დაგვანახა ორი რამ 1. რომ მათ არ აინტერესებთ ადამიანების უბედურება და გაჭირვება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა ცნობილია, რომ ეს პრობლემა არსებობს. ასევე ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის სურსათის გასაღება მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სიცოცხლის წყარო მიუხედავად ამისა "ქართულმა ოცნებამ" არაფერი არ გააკეთა. გამოჩნდა უფრო მეტიც, მეორე თვისება, ესაა ნეპოტიზმი და კორუფცია. „ქართულმა ოცნებამ“ პანდემიაც იმისთვის გამოიყენა, რომ გაემდიდრებინა თავისი ნათესავები, მეგობრები სწორედ ასეთია „ჯი ბის“ მაგალითი, რომელმაც მიიღო მონოპოლისტური უფლება, ფაქტიურად მიიღო უფლება გაძარცვოს მარნეულელი მოსახლეობა მთავრობის სახელით. ეს დაუშვებელია არ არსებობს არც ერთი ახსნა, თუ რატომ მოხდა ამ სფეროს მონოპოლიზაცია და რატომ მიიღო ამ მონოპლისტური და ნეპოტისტური გარიგების უფლება“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულის 5 სოფელში საპროტესტო აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული მდგომარეობა სოფელ შულავერთან იყო. ადგილობრივები აცხადებდნენ რომ ხელისფულება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში არ ეხმარებათ. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე მოქალაქემ პროდუქტი გზაზე დაყარა და გაანადგურა. მას შემდეგ, რაც ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი მივიდა და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს. აღსანიშნავია, რომ შეკრებილების დიდ ნაწილს კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ნიღბები და არც თავდაცვის სხვა საშუალებები არ ჰქონდათ.