logo
ENG



უმძიმესი კრიზისის დროს, ხელისუფლება ბოლომდე ჩაფლული რჩება კორუფციაში - აბესაძე IDFI-ს კვლევაზე

20 მაი 202017:54
3 წუთის საკითხავი
clock 1042

ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით IDFI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები გამოიყენა და ბიუჯეტის თანხები საკუთარი მხარდამჭერებისკენ მიმართა. ხელისუფლების ოპონენტები აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

„წარმოდგენილი კვლევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ ბოლომდეა გახრწნილი ხელისუფლება, რომელიც უმძიმესი კრიზისის დროს თითქოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, ბოლომდე ჩაფლული რჩება კორუფციაში. კვლავ აფორმებს ხელშეკრულებებს კომპანიებთან, რომლებიც შემდგომ უკან უბრუნებენ ამ თანხას პარტიაზე შემოწირულობის სახით და რაც მთავარია, არ ავიწყდებათ საკუთარი ახლო ნათესავები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის თქმით, ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ კომპანიებს, რომლებთანაც ხელისუფლებამ პირდაპირი შესყიდვები გააფორმა, პროდუქტები რუსეთიდან შემოაქვთ.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაინტერესებული იყოს ქართული წარმოების გაძლიერებით და იმით, რომ ეკონომიკიდან თანხა არ გავიდეს, ფეხებზე ჰკიდია და ასობით ათას, მილიონობით ლარს ვხარჯავთ რუსულ კომპანიებზე, რომლებიც თავის მხრივ ამ ფულს მიერეკებიან მოსკოვში. ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც მტერი სახელმწიფოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს რომელიმე უწყებას, დაიწყებოდა გამოძიება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კვლევასთან დაკავშირებით ასევე განცხადება გაკეთდა პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოში“. პარტიის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტმა საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ასეთი საკითხები შეისწავლოს.

„ლელო“ დიდი ხანია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ საკუთარი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში იმუშაოს და ყველა ასეთ შემთხვევაზე გასცეს პასუხი, მოახდინოს ისედაც ძალიან მორყეული ანგარიშვალდებულების, სისტემის გააქტიურება იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა არ იქნას ბოროტად გამოყენებული“, - აღნიშნა ბუაძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კვლევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 


close დახურვა