„ადგილი მოუნაცვლე“ - ასეთია თბილისის მერიასთან ანას ბაღის მცველების მოთხოვნა ქალაქის მერის მიმართ. თავად კახი კალაძე კი მათ უსაქმურებს უწოდებს.
საგანგებო მდგომარეობის დროს, ინვესტორმა კომპანიამ სასამართლოსგან ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის განახლების უფლება მიიღო, ამის გაპროტესტების საშუალება კი მოქალაქეებს მხოლოდ დღეს, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მიეცათ.
კორუფციულ ინტერესებს ხედავენ ანას ბაღის მცველები მშენებლობის ნებართვის გაცემაში. მათი თქმით, ხელისუფალი რომ თავად არ იდგეს ამ უკანონობის უკან, აუცილებლად შეწყვეტდა მშენებლობას.
ანას ბაღის მცველების თქმით, სირცხვილია, როცა ხალხის არჩეული თანამდებობის პირი საკუთარ ამომრჩეველს უწოდებს უსაქმურს.
„აშკარაა, რომ კომპანიის უკან დგას ხალხი, ვისაც აქვს ძალაუფლება ხელში. ვერ წარმომიდგენია ხელისუფალს არ დაეხია უკან ასეთი პროტესტის შემდეგ. ზამთარში უწყვეტად ვმორიგეობდით, რომ სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულიყო. პანდემიის დროს ჯერ სასამართლომ, მერე მერიამ მისცა მშენებლობის პროცესის გაგრძელების უფლება, სირცხვილია, როცა მერი მოქალაქეებს, ვინც მისგან რაღაცას ითხოვენ და დახმარება სჭირდებათ, ეძახის უსაქმურებს და პირველი შემთხვევა არაა, რომ ის შეურაცხყოფას გვაყენებს", - ამბობენ ანას ბაღის მცველები.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეკოლოგია ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია - „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მსგავსი მშენებლობების უკან დგას ხელისუფლება და იკვეთება კორუფციული ინტერესებიც.
„მე აქ მოვედი, როგორ მოქალაქე, რომელიც ამ საკითხებს მიიჩნევს მნიშვნელოვან ძარღვად. ჩემს ქუჩაზეც დაიწყო უკანონო მშენებლობისა და ჩვენი სამეზობლოც მოვიდა აქ სოლიდარობის გამოსახატად. რაც შეეხება კალაძის განცხადებას - სხვას არც ველი, მისი გაკეთებული საქმე ნანახი გვაქვს - არათუ სიცოცხლით სავსე გახდა, ყველასთვისაა თბილისი მისი მცხოვრებლების გარდა. ამ მშენებლობების უკან არის ხელისუფლება, ისინი მფარველობენ და მათი პოლიტიკა არის ქალაქის წართმევა" - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მერია ანადგურებს მწვანე კუნძულებს ქალაქში. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ამ ბრძოლაში მათი პარტია არ მიატოვებს ადამიანებს და სამოქალაქო აქტივისტებს.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ანას ბაღის მშენებელს მისცენ სხვა ტერიტორია. ივანიშვილმა და კალაძემ თავი არ დაანება ქალაქის მწვანე კუნძულებს, ამის მაგალითია დიღმის ჭალებიც. ეს არის ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის დასაცავად - ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე მათთან", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მოსახლეობა ანას ბაღის მიმდინარე ტერიტორიაზე მშენებლობას უკვე სამი წელია, აპროტესტებს.