logo
ENG



სებ-ს არ მიუღია დროული და ადეკვატური ზომები - ოპოზიციას კობა გვენეტაძესთან მწვავე კითხვები აქვს

04 ივნ 202014:29
3 წუთის საკითხავი
clock 617

ინფლაცია და ფასების ზრდა - ეს არის ის მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან კითხვები აქვთ. მათ ასევე აინტერესებთ, რატომ არ შემცირდა ქონების საშემოსავლო და აქსციზის გადასახადები ბიზნესისთვის. ოპოზიციაში ეროვნული ბანკის ქმედებებს უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ამან მსოფლიო პანდემიის პირობებში და მანამდეც, საქართველოს ეკონომიკა დაასუსტა.

„მთავარი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გასცეს ეროვნულმა ბანკმაც და მთავრობამაც, რადგან ისინი შეთანხმებულად და ერთობლივად მოქმედებენ - არის თუ არა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში გადასახადების დაწევა, ასევე იმ რეგულაციების შერბილება, რომელიც სრულიად გაუაზრებლად და დაუსაბუთებლად შემოიღო ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სებ-ის არაადეკვატური გადაწყვეტილებების შედეგია.

„თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნულმა ბანკმა, ვინაიდან ქვეყანაში არის ფაქტობრივად უკონტროლო ფასების ზრდა, ლარის კურსი მთელი ამ დროის განმავლობაში უფასურდებოდა და ეროვნულ ბანკს არასდროს მიუღია დროული და ადეკვატური ზომები ვალუტის კურსისა და ფასების სტაბილურობის მიმართულებით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს აინტერესებს, რატომ არ გადავადდა საბანკო და სასესხო ვალდებულებები მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილს, რომელიც იღებდა დახმარებას სოციალური დახმარების პაკეტების ფარგლებში, სასესხო ვალდებულებები არც ბანკებში და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არ გადაუვადდათ.

„გადავადება იცით თქვენ, რომ გამოაცხადა ხელისუფლებამ და 15 ივნისიდან უნდა გამოცახდდეს ახალი გადავადება. მოგეხსენებათ, პრემიერმა განაცხადა, რომ ვისაც 200 და 300-ლარიანი დახმარებები ეხება, მათ ყველას შეეხებაო. სამწუხაროდ ეს არ ხდება არც კომერციულ ბანკებში, არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, მას აქვს ყველა ამ კითხვაზე პასუხი. დაველოდებით“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვალუტის კურსთან დაკავშირებით სებ-ის პრეზიდენტთან კითხვები მმართველ გუნდსაც აქვს.

„ლარი არის როგორც ადრე ვამბობდი ზედმეტად გაუფასურებული. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ როგორც დღეს ჩანს, ის არ უნდა უფასურდებოდეს ისე სწრაფად და არც ასე სწრაფად არ უნდა ხდებოდეს მისი გამყარება. საქართველოს ეკონომიკაში ამის წინაპირობები არ არის. ეს არის ჩემი პოზიცია. ბუნებრივია, გვექნება კითხვები ამასთან დაკავშირებით, როგორც ლარის კურსთან ასევე, ფასების სტაბილურობასთან მიმართებაში და ველოდებით პასუხებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი დღეს 2019 წლის ანგარიშს წარადგენს. მოსმენის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კობა გვენეტაძეს კითხვები დაუსვან. 


close დახურვა