„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტია თბილისში კანდიდატებს მხოლოდ გლდანსა და ისანი-სამგორში დააყენებს.
მელიას თქმით, პარტია მზადაა რეგიონებშიც ითანამშრომლოს ოპოზიციურ პარტიებთან საერთო მაჟორიტარების საკითხზე.
„ამოღებულია მიზანში ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია იმდენად, რამდენადაც რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი შეთანხმების მისაღწევად მაჟორიტარულ ოლქებზე და განსაკუთრებით თბილისში. ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდანვე. მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ყველა შეხვედრაზე წარმოვადგენდი და წარმოვადგენ პარტიის ინტერესებს. ალბათ, დამეთანხმებიან კოლეგები, რომ ნაციონალური მოძრაობა რჩებოდა და რჩება შეთანხმების ერთგულად. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და თავი რომ არ ვიმართლოთ, ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი რომ დავხუროთ და გადავერთოთ ყველანი ერთად ხალხის პრობლემების მოგვარებასა და ოლიგარქიული წეს-წყობილების დამარცხებაზე, ძალიან მოკლედ მინდა გავაკეთო განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით - „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, გასულ არჩევნებში თბილისში, მილიონახევრიან ქალაქში 200 000 ხმა არებული პარტია, რომელიც ყველა ოპოზიციურ პარტიის ხმებზე მეტი არის, თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი რეზულტატის გაუმჯობესებისთვის არ იბრძვის. ჩვენ ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძვის.
ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას თბილისის ორ რაიონში იწყებს მხოლოდ, ეს არის სამგორის და ეს არის გლდანის რაიონი. იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უთმობს ყველა მომცრო ოპოზიციურ პარტიას. რეგიონებში ასევე უნდა დავიწყოთ წინასაარჩევნო კამპანია და დავხუროთ უსაგნო პოლემიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის. რეგიონებშიც მზად ვართ გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა მელიამ.