ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ზე დაწერა.
როგორც პომპეო წერს, კადიროვის შავ სიაში შეყვანა მისი მხრიდან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას უკავშირდება.
“სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ აცხადებს რუსეთის მოქალაქეს, რამზან კადიროვს, როგორც პირს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღევაში, მათ შორის წამებაში, მკვლელობასა და ადამიანების გაუჩინარებაშია ჩართული. ჩვენ უყოყმანოდ ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტს, რომ მოხდეს ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა“, - წერს პომპეო.
გადაწყვეტილება ვრცელდება კადიროვის მეუღლეზე, მედნი კადიროვაზე, ასევე მათ ქალიშვილებზე - აიშატ და კარინა კადიროვებზე.
გადაწყვეტილების მიზეზები ვრცლადაა განმარტებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც სახელწმიფო დეპარტამენტი წერს, ის ფლობს მოცულობით, სარწმუნო ინფორმაციას, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მრავალ შემთხვევაზე, რაც ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაიწყო, მათ შორისაა წამება და მკვლელობები.
სახელწმიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მუდმივად გამოხატავდა შეშფოთებას კადიროვის ქმედებების შესახებ საჯაროდაც და კერძოდაც. კადიროვსა და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირის მიმართ უკვე დაწესებულია ეკონომიკური სამქციები.
სახემწიფო დეპარტამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმით, რომ კადიროვი საბაბად იყენებს კორონავირუსის პანდემიას და განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას.
"დღევანდელი გადაწყვეილების მიზანია, შეატყობინოს კადიროვს, რომ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას მოჰყვება შედეგები, როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის, და რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ ამ საძაგელ მოქმედებებში მონაწილეებმა პასუხი აგონ", - აღნიშნავს სახელწმიფო დეპარტამენტი.